კამპანია სურსათის ფასების წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპონენტების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
"აუცილებლად მოუწევთ კომისიასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება კონკრეტულად ხაზარაძის ოჯახის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას და იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელი ორმაგი სტანდარტებითაც ეს აგენტურა მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, ამის ნათელი გამოვლინებაა მათი საუბარი ერთის და ქმედება მეორის. სწორედ ამაზე ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ იმ პოპულისტურ გამონათქვამებზე, რაც მათ ჰქონდათ.
ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, საგაზაფხულო სესიის პირველივე საკითხებში იქნება, რომ ამ საკითხზე შეიქმნას სამუშაო კომისია," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კონკრეტულ პირებს, მივიდნენ პარლამენტში, სადაც კომისიის შექმნა იგეგმება და დაასაბუთონ, რომ ფასნამატი ლოგიკურია. ირაკლი კობახიძემ დაასახელა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრია. ასევე, ახსენა ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახს ეკუთვნის. საუბარია შპს "მეგაკოზე," რომელიც "მეგაკო თრეიდს" ფლობს. ამ კომპანიას საქართველოში შემოაქვს რუსეთში წარმოებული პროდუქცია და თანამშრომლობს Mondelēz International-თან, რომელიც უკრაინამ ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა.