აშშ, ესპანეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მათ შორის ლიდერი შეერთებული შტატებია საიდანაც 90 მლნ დოლარზე მეტი კაპიტალდაბანდება განხორციელდა. მეორე ადგილზეა ესპანური ინვესტიციები, რომელმაც მხოლოდ მესამე კვარტალში 72 მილიონს გადააჭარბა. თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული თანხების საერთო მოცულობა კი ჯამში 126 მილიონს აღემატება.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონების სექტორში განხორციელდა და წინასწარი მონაცემებით 91 მილიონზე მეტს შეადგენს. 79 მილიონს გადააჭარბა ტრანსპორტის სექტორში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებამ. მესამე ადგილს წყალმომარაგება და ნარჩენების მართვის სექტორი იკავებს, სადაც ინვესტიციების მოცულობა 71 მილიონი დოლარია. სამი უმსხვილესი სექტორის ჯამური წილი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტს შეადგენს.
გაუმჯობესებულ საინვესტიციო მაჩვენებლებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით არაერთი ეკონომიკური პარამეტრი აჩვენებს რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ინვესტიციების მოზიდვა კი კვლავ რჩება მთავრობის პრიორიტეტად.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად რამდენიმე მიმართულებით გაიზარდა. განსაკუთრებით წყალმომარაგება, ნარჩენების მართვის; უძრავი ქონების; ტრანსპორტის; საფინანსო-სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორები. ექსპერტები აღნიშნავენ რომ ეს მონაცემები ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების პოზიტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ეკონომიკური გარემოს მიმართ.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს რომ წელს, ქვეყანაში 1,296 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განხორციელდა.