19 ივნისი 2026,   10:32
ვრცლად
ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნს" დასრულებისთვის საჭირო 60 ხმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეგროვდა - კომპრომისს 8 დემოკრატი სენატორი, რესპუბლიკელებისგან მიღებული კონკრეტული პირობების სანაცვლოდ დათანხმდა

ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნს" დასრულებისთვის საჭირო 60 ხმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეგროვდა. კომპრომისს 8 დემოკრატი სენატორი, რესპუბლიკელებისგან მიღებული კონკრეტული პირობების სანაცვლოდ დათანხმდა.

მთავრობის მუშაობის შეჩერებიდან 40 დღის შემდეგ, სენატში მიღწეული გარიგებით დემოკრატებმა, რესპუბლიკელებისგან - ჯანდაცვის პროგრამის სუბსიდირების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრის ჩანიშვნის და "შათდაუნის" დროს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების თანამდებობებზე დაბრუნების პირობა მიიღეს.

სენატში ხმების საჭირო რაოდენობის მიღების შემდეგ, "შათდაუნის" შეჩერების პროცესი შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. კანონპროექტს ახლა წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს, საბოლოოდ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

ამერიკაში ფედერალურმა მთავრობამ და სამთავრობო სერვისების უმეტესობამ მუშაობა პირველ ოქტომბერს შეაჩერა. მას შემდეგ, საჯარო უწყებების დაახლოებით მილიონზე მეტ თანამშრომელს კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.

"შათდაუნთან" დაკავშირებული პრობლემების გამო, შტატების უმსხვილეს აეროპორტებში, ათასობით ავიარეისი გაუქმდა. სფეროს წარმომადგენლები, დაფინანსების არარსებობის გამო, პერსონალის მზარდ დეფიციტზე საუბრობენ.

"შათდაუნის" მიზეზად ბიუჯეტის საკითხზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოება სახელდება. მედია წერს, რომ დემოკრატები მომდევნო წლის ბიუჯეტში მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სუბსიდირების გახანგრძლივებას ითხოვდნენ. რესპუბლიკელების საბიუჯეტო პროექტი კი ამ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

დღის ამბები