17 აგვისტო 2026,   10:22
ვრცლად
ხაზარაძე–ჯაფარიძის საბანკო ტრანზაქციები - "ქართულ ოცნებას" "ლელოს" ლიდერებთან კითხვები აქვს

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიელ ბიზნესპარტნიორ ბობ მეიერს ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის პორტზე საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეატანინეს, წაგების შემდეგ კი თანხაც ჩაურიცხეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერებმა მეიერს აგვისტოში 6 800 000 დოლარი "თიბისი ბანკის" მეშვეობით გადაურიცხეს, ვაშინგტონის საარბიტრაჟომ კი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორს საქართველოსთვის 6 500 000 დოლარის გადახდა დააკისრა. "ქართული ოცნების" შეფასებით, სწორედ წაგებულ დავას უკავშირდება "ლელოს" ლიდერების მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები.

რატომ ჩაურიცხეს თითქმის 7 მილიონი დოლარი "ლელოს" ლიდერებმა ბობ მაიერს აგვისტოში, 31 ივლისს წაგებული დავის შემდეგ? ამ კითხვას თავად ხაზარაძე და ჯაფარიძე დუმილით პასუხობენ. კომენტარის გაკეთება არც მათ თანაგუნდელებს სურთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკითხზე არაფერი იციან.

კითხვები ხაზარაძე-ჯაფარიძესთან აქვს "ქართულ ოცნებას" - მმართველ გუნდს აინტერესებს, რატომ იბრძვიან "ლელოს" ლიდერები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს დღეს საკანონმდებლო ორგანოდან პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წაგებული კიდევ ერთი დავაც შეახსენეს.

ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება 31 ივლისს გამოიტანა. დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

დავის ფარგლებში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდა. თუმცა, არბიტრაჟმა მას თავად დააკისრა, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

დღის ამბები