19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
საუკუნის ძარცვის საქმე გახსნილია, თუმცა საიმპერატორო ძვირფასეულობა კვლავ დაკარგულად ითვლება - რისკენ მოუწოდა პარიზის პროკურორმა ძვირფასეულობით მოვაჭრეებს და რას ითხოვენ ფრანგი დეპუტატები

სენა სენ დენის დეპარტამენტში რეიდი, ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყო. პოლიციამ ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი 5 პირი პარიზის გარეუბანში აიყვანა. პრეფექტურის განყოფილებაში გამომძიებლები ახლა დაკითხვას ატარებენ და ცდილობენ გაარკვიონ, სად გაქრა საიმპერატორო კოლექციიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების 8 ექსპონატი.

ნაძარცვი ამ დრომდე შავ ბაზარზე გაყიდული არ არის. საკითხზე პირველი განმარტებები დღეს პარიზის პროკურორმა გააკეთა. ლორ ბეკუომ მოვაჭრეებს მოუწოდა, რელიკვიების შეძენისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაჰპირდა. სახელმწიფო ბრალმდებელმა ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა ბრალი ""ნაწილობრივ"" აღიარა.

დანაშაულის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად გრძელდება ეჭვმიტანილების დაკითხვაც. პროკურატურა არც იმას გამორიცხავს, რომ კრიმინალურ საქმეში უფრო დიდი ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის ის პირები, ვინც შესაძლოა ძარცვა შეუკვეთეს და ოპერაცია დაგეგმეს. ცნობილია, რომ დაკავებულებს, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება, ბრალად ედებათ ორგანიზებული ქურდობა და კრიმინალური შეთქმულება. პროკურატურამ მათთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.

ძარცვის შემდეგ, კიდევ ერთ გამოძიებას საფრანგეთის სენატის კულტურის კომისია ატარებს. ფრანგი კანონმდებლები იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხს დაყენებას ითხოვენ, რომლებსაც მუზეუმის უსაფრთხოება აბარია.

ლუვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეკითხვების ერთ-ერთი მთავარი ადრესატია საფრანგეთის კულტურის მინისტრიც. რაშიდა დატიმ პირობა დადო, რომ ადმინისტრაციული გამოძიების დასკვნებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია მსოფლიოს უდიდესი მუზეუმიდან 9 დღის წინ მოპარულ ძვირფასეულობას. მათ შორის ბრილიანტებისა და ზურმუხტის ნაკრებს, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტმა, საკუთარ მეუღლეს მარი ლუიზის აჩუქა. 212 მარგალიტით, 1998 ბრილიანტით და 992 ვარდისფერი ბრილიანტით მორთულ დიადემას, 2634 ბრილიანტით შემკულ დეკორატიულ ბაფთას და 24 ცეილონის საფირონით და 1083 ბრილიანტით მორთულ გვირგვინს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები