ჭურჭლის რეცხვა, მცენარეების მორწყვა, მისაღები ოთახის დალაგება, სარეცხი მანქანის ჩართვა, მტვერსასრუტით წმენდა... ამდენი საოჯახო საქმე, მალე წარსულს ჩაბარდება? სამშაბათს, კომპანია 1X-მა წარმოადგინა სახლის რობოტის ახალი ტიპი, სახელწოდებით NEO. მისი ჰუმანოიდური გარეგნობის წყალობით, სავარაუდოდ, მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური საქმეების შესრულება... თუ (რა თქმა უნდა) მზად ხართ გადაიხადოთ. დასტური იმისა, რომ ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის, პირველი პარტიის მიწოდება მომავალ წელს არის დაგეგმილი.
“როდესაც NEO გექნებათ, ის დაგეხმარებათ მეტი დრო დაუთმოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმიანობას“, - გვპირდება 1X-ის დამფუძნებელი ბერნტ ბურნიხი სარეკლამო ვიდეოში, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში და ოთხშაბათის მონაცემებით, მხოლოდ X-ზე 36 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
“NEO იზრუნებს მოსაწყენ, რუტინულ და ყოველდღიურ საქმეებზე“, - გვპირდება კომპანია თავის ვებსაიტზე.
კომპანიის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ ჰუმანოიდს ასევე შეუძლია კერძის მოსამზადებლად იდეების შეთავაზება, მაცივარში არსებული პროდუქტების მიხედვით (მას ჯერ საჭმლის მომზადება არ შეუძლია). ამასთან, მას შეუძლია ინტერიერის დიზაინის რჩევების შეთავაზება და ეს ყველაფერი თქვენთვის სასურველ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.
ამერიკულ-ნორვეგიული კომპანია მომხმარებელს ჰპირდება, რომ შექმნის ავტონომიურ მანქანას, რომელსაც შეუძლია დავალებების შესრულება როგორც ვერბალურად, ასევე დისტანციურად. ჰუმანოიდი რობოტი აღჭურვილია ორი კამერით, რომლებიც თვალების ფუნქციას ასრულებენ და მის ქმედებებს იწერენ. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რეალურ დროში დაინახოს და აკონტროლოს რობოტი პირდაპირ სმარტფონიდან.
ამ უნივერსალური რობოტის შეკვეთა 28 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო აშშ-ში პირველი მიწოდება 2026 წელს არის მოსალოდნელი. 200 დოლარის წინასწარი შენატანის შემდეგ, მისი ფასი 20 000 აშშ დოლარია (17 000 ევროზე ოდნავ მეტი). მათთვის, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, ამ რობოტებიდან ერთ-ერთის, იჯარით, მინიმუმ ექვსი თვით აღება შეეძლება ამისთვის კი თვეში 499 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს (430 ევროზე ოდნავ მეტი).