17 აგვისტო 2026,   10:08
ვრცლად
მმართველი პარტიისთვის სტრასბურგში დაგეგმილი შეკრება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა - ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობად განიხილავენ

მმართველი პარტიისთვის სტრასბურგში დაგეგმილი შეკრება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ, საქართველოში პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების 5 მცდელობის ჩავარდნის მიუხედავად, კონკრეტულ ძალებს ამ მიმართულებით ინტერესი ჯერ კიდევ ამოძრავებთ და სამწუხარო იქნება, თუ ამ ყველაფრის მიღმა ევროკავშირის როლი გამოაშკარავდება.

20-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით, სტრასბურგში დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებას ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობად განიხილავენ. შეკრების სამიზნე ქართული ემიგრაციაა. ორგანიზატორები, აუდიტორიის მოსაზიდად, მსურველებს უფასო ბილეთებსაც სთავაზობენ, პანელურ დისკუსიებში კი მოდერატორებად თბილისიდან ჩასული აქტივისტები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ევროპელი პოლიტიკოსები ჰყავთ მიწვეული. გაწერილია გეგმაც. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ამოცანა საქართველოში არსებული პროტესტის გაძლიერებაა.

სხვადასხვა დისკუსიას შორის, ერთ-ერთი "ქართულ-ევროპული პანელია". ამ შემთხვევაში, მოდერატორი "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი დირექტორია. ნინო დოლიძე ადასტურებს, რომ სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს, თუმცა რა რესურსით დაორგანიზდა შეკრება, საუბარს თავს არიდებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ღონისძიებას ფინანსურად ევროკავშირი უზრუნველყოფს. "კურიერმა" წერილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც გააგზავნა, სადაც გვიპასუხეს, რომ ღონისძიებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა არ მონაწილეობს

სტრასბურგში ჩანიშნული 4-დღიანი შეკრება პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის ექსტრემისტული პროცესების მხარდაჭერად აღიქმება. მსგავსი პროცესების მხარდაჭერაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად.

სტრასბურგში დაანონსებული შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავს ფორმატში თანამოაზრეებს არჩევნებამდეც შეხვდნენ და 20-23 ოქტომბრის ღონისძიება პრისტონში გამართული შეხვედრის გაგრძელებაა.

დღის ამბები