სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორთან საქართველო ურთიერთობებს აღრმავებს. თბილისი თურქეთის დედაქალაქს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება.
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ახალი მიმართულება დაამატა. "თურქიშ ეარლაინსის" შვილობილი "ა-ჯეტი," რომელმაც მარტიდან თბილისის მიმართულებით სტამბულიდან დაფრინავს, სექტემბრიდან კვირაში ოთხ რეისს, უკვე ანკარიდანაც შეასრულებს.
ახალ მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური ავიამიმოსვლა სწორედ თურქეთთან აქვს.
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს. გადაწყვეტილება სწორედ ანკარაში გამართული შეხვედრების დროს მიიღეს.
ახალი საჰაერო მიმართულება რომ ტურისტულ ნაკადს გაზრდის, საუბრობენ კერძო სექტორშიც. ამბობენ, რომ თურქეთთან დაკავშირებადობის ზრდა ბიზნესის მუშაობაზეც დადებითად აისახება.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, 20 000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ბოლო სტატისტიკით, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტი, 4 მილიონ 600 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის მონაცემებზე 13%-ით მეტია.