უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა. მინისტრთა კაბინეტის №916 დადგენილების თანახმად, ასეთი ქალები ავტომატურად რეგისტრირდებიან სამხედრო სამსახურში მათი პირადი მონაწილეობის გარეშე. ამავდროულად, ისინი ვალდებულნი არიან, განათლების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში გამოცხადდნენ დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრში (TCRS).
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც სპეციალისტებს მედიცინისა და ფარმაციის სფეროში ამზადებენ, ეს იქნება პროფესიული თუ უმაღლესი, თავიანთი ქალი კურსდამთავრებულების სიები დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრებს, მათი მომზადების დასრულებიდან შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ. ეს მონაცემები კი, ქალების სამხედრო სამსახურის ერთიან სახელმწიფო რეესტრში ავტომატური ჩართვის საფუძველი ხდება. ეს ნიშნავს, რომ დიპლომის მიღების შემდეგ, ქალები ოფიციალურად ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურს ტერიტორიულ ცენტრში ვიზიტის გარეშეც კი, თუმცა, ეს არ არის ფორმალური პროცედურის დასასრული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომატური რეგისტრაციის მიუხედავად, ყველა ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება, ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სამხედრო სამედიცინო შემოწმებაზე, სწავლის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში, რათა განისაზღვროს მათი ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისთვის. თუ ეს დროულად არ გაკეთდება, ქალი შეიძლება დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ წარმოებას, გამოცხადდეს ძებნილად და დაჯარიმდეს, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაშია - არ არსებობს ცალკე წესები ან შეღავათები სქესის მიხედვით.
რაც შეეხება მობილიზაციის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ჯარიმას, მისი ოდენობა 17 000-დან 25 000-მდე უკრაინულ გრივნამდეა. რეგისტრაციის მიუხედავად, ქალებს შეუძლიათ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით წასვლა. ქალების სავალდებულო მობილიზაცია ამჟამად კანონით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, იურისტები ხაზს უსვამენ, რომ ტერიტორიულ ცენტრებში გამოცხადების ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები, მათ შორის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.