ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო ავიაკომპანია Air Canada-ს ყველა რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დღეში დაახლოებით 130 000 მგზავრს შეეხება.
პროფკავშირმა, რომელიც ავიაკომპანიის 10 000 ბორტგამცილებელს წარმოადგენს, გაფიცვა შაბათს დილიდან გამოაცხადა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ, ხმელეთზე ყოფნის სამუშაო საათების ანაზღაურებას ითხოვენ.
Air Canada, რომელიც მსოფლიოს 180 ქალაქში ასრულებს პირდაპირ რეისებს, აცხადებს, რომ გაფიცვის პირველ დღეს გაუქმდა 623 ავიარეისი. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროფკავშირთან მოლაპარაკებების დროს ბორტგამცილებლებს ოთხი წლის განმავლობაში ანაზღაურების ჯამში 38%-ით გაზრდას დაჰპირდა, საიდანაც 25%-ით ზრდა პირველ წელს მოხდება.
პროფკავშირების განცხადებით, შეთავაზება არ შეესაბამება ინფლაციას, საბაზრო ღირებულებას და მინიმალურ ანაზღაურებას, ასევე შეთავაზება არ ითვალისწინებს გარკვეული სამუშაო საათების, კერძოდ, ბორტზე ასვლამდე და აეროპორტებში რეისების შესრულებამდე საათების ანაზღაურებას.