თბილისის ქუჩებში სეირნობისას, თუ რომელიმე მაღალსართულიანი კორპუსის კედელს მოხატულს ნახავთ, ეს შესაძლოა "მურალ ფესტივალში" მონაწილე ქართველი ან უცხოელი მხატვრის შემოქმედება იყოს. ქალაქის არქიტექტურა და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია ქუჩებში საინტერესო სურათს ქმნის.
ქუჩის მხატვრობის კვალი კიდევ ერთი საცხოვრებელ კორპუსს დაეტყო. ვარკეთილში მდებარე 16 სართული, ნაცრისფერი შენობა მკვეთრ ფერებში გაფერადდა. ნამუშევრის ავტორი ინდოელი მხატვარია. მისთვის შთაგონების წყარო, ქართული ცეკვა და ტრადიციული სამოსი გახდა. პერსონაჟი, რომელიც კედლისთვის შეარჩიეს - სუხიშვილების მოცეკვავეა.
რიგით მე-7 "მურალ ფესტის" ფარგლებში ახალი სიცოცხლე შეიძინა ვაზისუბანში მდებარე ორმა საცხოვრებელმა კორპუსმაც. შენობები გამორჩეულმა იტალიელმა და ავსტრალიელმა მხატვრებმა მოხატეს. ნამუშევრებს საინტერესოა ვიზუალი და სოციალური გზავნილები გამოარჩევს.
ქუჩის მხატვრობის თემატიკას ხელოვანები თავად ირჩევენ, ამ შემთხვევაში მხატვარმა დათო სამხარაძემ ყვავილების კოლაჟის დახატვა გადაწყვიტა. კედელზე ნახატის ესკიზი მზად არის, რამდენიმე დღეში კი ეს მასშტაბური ნამუშევარი გაფერადდება.
იმისთვის, რომ ეს ისტორიული გამარჯვება და ამ დღეს განცდილი ემოციები არ დავივიწყოთ, უცხოელმა და ქართველმა მხატვრებმა შექმნეს მურალი, სახელწოდებით "ბიჭებს". მასშტაბური ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეძღვნებათ და მასზე ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძეა გამოსახული.
"მურალ ფესტი" 2019 წელს დაარსდა. ნელ-ნელა ფესტივალი დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და შენობების ცარიელი კედლები მონუმენტურ ნახატებად, მურალებად გადააქცია. ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი, გორი- ფესტივალს ყოველწლიურად არაერთი ქალაქი მასპინძლობს. მისი მიზანი კი ერთია - უცხოელი და ქართველი მხატვრების კოლაბორაციით შექმნილმა ქუჩის მხატვრობამ, შენობებზე თანამედროვეობის კვალი დატოვოს.
ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომელიც ბერლინისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა, ყოველწლიურად ფართოვდება და კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ფესტივალი, მალე რეგიონებში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მონუმენტური და გიგანტური მურალების გამოჩენას, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ელოდოს.