24 აგვისტო 2026,   15:30
ვრცლად
ლევან იზორია გენერალურ პროკურატურაში - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე სრულ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე სრულ პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს. ლევან იზორია გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლების შეკითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ გიორგი გახარიას პარტიაში, სადაც ამტკიცებენ, რომ მათმა ლიდერმა, 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, პირიქით, ტერიტორიები დაიცვა.

გახარიასა და მის გუნდს სახელისუფლებო პარტია მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ახსენებს, რომელიც, მათი თქმით, სწორედ მაშინდელი შს მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დაიკარგა. პარალელურად, "ქართულ ოცნებაში" აქვთ კითხვაც - გახარია თავად მოქმედებდა, თუ ვინმეს დავალებას ასრულებდა.

გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობასა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ადგილობრივებთან ერთად, უკვე გამოიკითხნენ თანამდებობის ყოფილი პირები, მათ შორის - თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური. როდის დაიბარებენ პროკურატურაში გიორგი გახარიას, ეს ჯერ უცნობია. თავად ექსპრემიერი საქართველოში არ იმყოფება, მისი თანაგუნდელები კი ვერ აკონკრეტებენ, როდის დაბრუნდება მათი ლიდერი საქართველოში.

დღის ამბები