ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მთავარ კრიტერიუმებს წლებია, ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა საკითხს ევრობიუროკრატები პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ბრიუსელის მხრიდან დისკუსიის გააქტიურება, მხოლოდ საქართველოს დაშანტაჟებას ემსახურება.
"ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, ბრიუსელში რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავდნენ, ეს კაია კალასმა ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. საბჭოს სხდომამდე კრიტიკული გზავნილებით აქტიურობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 27-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსი არ არის. ბრიუსელში შეთანხმებას ვერც დღეს მიაღწიეს. უშედეგოდ დასრულებული სხდომის მიუხედავად კი, ევროკომისარმა იგივე გაიმეორა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, ჩაერიონ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებში და დაიმუქრონ სადამსჯელო ზომებით მაშინ, როდესაც თავად არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და პრინციპებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე რომ ვერ შეთანხმდებოდნენ, ამას რიკარდ იოზვიაკი შეხვედრის დასრულებამდეც წერდა, თუმცა საპირისპიროს მოლოდინი ჰქონდა ოპოზიციას, რომლის ნაწილიც ბრიუსელს მხარდაჭერას ადგილიდან, ნაწილი კი თბილისიდან წერილობით სთხოვდა.
უმრავლესობის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ კონკრეტული ძალები დღის წესრიგიდან არ ხსნიან საქართველოზე უსაფუძვლო თავდასხმებს. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება, რასაც კონკრეტული მიზეზები აქვს.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს შეხვედრას წინ უძღოდა 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილიც. მმართველი პარტია დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი ექნება.