"17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს - მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?!" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც თავის ტოლად არ მიიჩნევენ.
"არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება?! ამ 17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, თავის ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო იცით რა არის, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმედგაცრუებას ჩვენი მოსახლეობის. ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა. იმიტომ, რომ უყურებენ, რომ დაგვყურებენ ზემოდან, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათი დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ.
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილში წერია, რომ ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავებებს. განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია.