"მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.
მინისტრი აღნიშნავს, რომ განცხადებები, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას ემსახურება.
"ეს წერილი ერთგვარად, გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს შემაფერხებელი გარემოებები, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა.
პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც გვესმის, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილში წერია, რომ ისინი გმობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავებებს. განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლა ჯერ კიდევ შეუძლია.