პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას, რომელმაც "ლელოს" მიმართა და მათი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ღალატად შეაფასა, საპასუხო განცხადებები კეთდება. როგორც "ლელოში" ამბობენ, კოლეგების ზეწოლა მათ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტიებს აქვთ სუვერენული პოლიტიკური ნება და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საუკეთესო ჰგონიათ ამ ქვეყნისთვის.
"ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგანაც მივიჩნევ, რომ პარტიებს აქვთ სუვერენული პოლიტიკური ნება და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საუკეთესო ჰგონიათ ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ და მშვიდად, რომ ჩვენ არც ერთი ზეწოლის გამო არ შევიცვლით ჩვენს ერთ ან მეორე აზრს," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ხაბეიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ეს მოწოდება ღიმილის მომგვრელია და კომენტარს არ გააკეთებს.
"ლევან ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვხედავთ, რომ 13 წელია ეს ადამიანი ამარცხებს "ქართულ ოცნებას" თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და არც კი გავაკეთებ მის ამ მოწოდებაზე კომენტარს. ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ლელოს პოზიციას და ვიმედოვნებთ, რომ "ლელოზე" არ იმოქმედებს სხვა პარტიების ბულინგი," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე