ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, პარლამენტი დაჩქარებული წესით მომავალი კვირიდან დაიწყებს. კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება, სრულად აეკრძალებათ. ე.წ. მეთადონის პროგრამაზე, ქვეყანაში ფსიქოტროპული წამლების შემოტანასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სახელმწიფო იქნება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილები სააფთიაქო ნარკომანიას დაასრულებს და ყველა ბენეფიციარს სრულყოფილი სერვისის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
სააფთიაქო ნარკომანიის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ ნარკოლოგებიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამკურნალო მედიკამენტების მიმოქცევაზე სრული კონტროლი მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების შავ ბაზარზე გადინება აღარ მოხდეს. მედიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ, შეიქმნება პაციენტის საჭიროებებზე და მკურნალობაზე მორგებული სწორი სისტემა, რაც ბენეფიციარების ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის თანახმად, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები, მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან, მოშორებით იქნება, ამ კონკრეტულ პუნქტს მიესალმება "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ამბობენ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის კუთხით ძირეული ცვლილებებია საჭირო. "ძლიერი საქართველოში" კი მიიჩნევენ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო დაწესებულებები, გაუქმების ნაცვლად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მთავრობის მეთაურის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ნარკომანიასთან ბრძოლას გაამარტივებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან ბრძოლაში, რომელიც მთელს მსოფლიოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ახალისებს.
სახელმწიფო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. ბოლო სტატისტიკის თანახმად, 69 პროცენტით გაიზარდა სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ნარკორეალიზატორთა რაოდენობა. ნარკოტიკულ დანაშაულზე მხილებული ბრალდებულების რიცხვი კი 32 პროცენტით. დღესაც საპატრულო პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.