ვინ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეს კითხვა კვლავ აქტუალურია. კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო" კოლეგებს კვლავ კონსულტაციებისკენ მოუწოდებს. კოალიციის წევრი, ლანა გალდავა აღნიშნავს, რომ მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან.
"საჭირო არის პოლიტიკური საკითხების პოლიტიკურ მაგიდასთან გადაწყვეტა და გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს ამ რესურსის გამოსაყენებლად. გვქონდა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან შეხვედრა, თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალებისგან თავს შევიკავებ. შემოთავაზება რჩება იგივე - რომ ოპოზიციური ველის გასააქტიურებლად, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის გამარჯვების მისაღწევად ალტერნატივა არ აქვს ერთობას და ერთიანობას," - აცხადებს ლანა გალდავა.
"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" კი გადაჭრით ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
"ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს "ლელო", პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში და არ მოიტყუონ თავი. არ მივიჩნევთ, რომ ეს არის თამაშგარეში დარჩენა, არ გვგონია, რომ ამ თამაშში ვინმეს უნდა შევყვეთ და ვინმე იქნება ჩვენი ლოკომოტივი. ვინც არ უნდა შევიდეს ამ ფარსში, მათ შორის, ოპოზიციიდან, "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს აქტიურ ბოიკოტს," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, იგორ ნარმანია.