მმართველი გუნდის განცხადებაზე, სადაც ძალადობის წახალისების მცდელობაზე საუბრობენ და მაგალითად ოპოზიციის მხარდამჭერების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები და გაზიარებული პოსტები მოჰყავთ, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის შეფასებით, თუ ხელისუფლების წარმოამდგენლებს სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული შეფასებების ნახვა არ სურთ, შეუძლიათ მხოლოდ მათი მხარდამჭერების პოსტები ნახონ.
"დაანებონ Facebook-ზე "სქროლვას" თავი, არ არის ეგ მათი სივრცე, ან არადა ეს ხალხი დაბლოკონ და მხოლოდ ია-ვარდით მოფენილი ფოტოები ვისაც უდევს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, ის "სქროლონ," ისინიც ბედნიერები იქნებიან და ჩვენც.
28 ნოემბრის შემდეგ ვისაც გაუვლია რუსთაველის გამზირზე 2-3 კვირის განმავლობაში, იქ იყო ჩვეულებრივი სასაკლაო და ხორცსაკეპი და "ქართული ოცნების" ამომრჩეველი მაშინ არა მგონია ნერვიულობდა ამ საკითხზე. ამიტომ, ცოტა გული გაიმაგრონ, ამას ვურჩევდი", - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
შეფასებები კეთდება "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრების მხრიდანაც.
"მე გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლების მომხრე ვარ და დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება, არის აბსოლუტური უფლება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.