შემოდგომის არჩევნები, ოპოზიციონერებისთვის მორიგ პოლიტიკურ თავსატეხად იქცა. წამზომი ჩართულია, მაგრამ საარჩევნო კონფიგურაციის კონტურები ჯერაც არ გამოკვეთილა. ისმის ერთმანეთის მიმართ ბრალდებები. ტონი და კრიტიკაც მწვავდება იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებიც მერებისა და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ. არიან მსურველებიც და მოწინააღმდეგეებიც - ისეთები, საარჩევნო სამზადისი უკვე რომ დაიწყეს და ისინი, ვისთვისაც თვითმმართველობის არჩევნები წითელი ხაზია.
"ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და ვინც აპირებს, მას ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებს ბრალს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრებს არ ესმით იმ ოპოზიციონერი კოლეგებისაც, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ პასუხი არჩევნების ბოიკოტის საკითხზე.
ამომრჩევლების და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ჯერ არაფერი აქვთ სათქმელი "ლელოში." უფრო მეტიც, ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნები დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში საინტერესო არ არის და ოპოზიციამ ამ საკითხზე დისკუსიისთვის დროც არ უნდა დაკარგოს.
ოპოზიციონერ კოლეგებს რიტორიკაში სიცხადისკენ ნიკა მელიამ ჯერ კიდევ გასულ კვირას მოუწოდა. თქვა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მისმა კოლეგებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდა დააფიქსირონ. თავად მელიას თანაგუნდელებისთვის კი არჩევნებში მონაწილეობის მთავარი პირობა, უპირობო ცვლილებებია.
სანამ ოპოზიციაში არჩევნების ბოიკოტის მსურველებს ითვლიან, გიორგი გახარიას პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელები პარტიული საქმიანობის გაგრძელების უალტერნატივო გზად არჩევნებს მიიჩნევენ. ოპოზიციონერი კოლეგების მწვავე კრიტიკას კითხვითვე პასუხობენ.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბების მოლოდინშია "გირჩიც", რომელიც საპარლამენტო მანდატების გარეშე დარჩა, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადება დიდი ხანია დაწყებული აქვს. ეს პოლიტიკური ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოპოზიციონერ კოლეგებსაც აქვთ, მაგრამ ამის თქმა მწვავე კრიტიკის გამო უჭირთ.
"ქართული ოცნება" კი, პოლიტიკურ ოპონენტებს წაგებული 9 არჩევნების შემდეგ, მეათე მარცხსაც უწინასწარმეტყველებს. მმართველი გუნდი 64 მუნიციპალიტეტში უპირობო გამარჯვების პირობას დებს.