"როდესაც რაიმეს აშავებენ და მათ ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ კანონი და სამართლიანი სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორც ეს დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება" - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის თქმას.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და როდესაც არის დანაშაულის ნიშნები, ისინი მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხისთვის.
"კანონი უნდა შესრულდეს და ამ ადამიანებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, როდესაც რაიმეს აშავებენ და მათ ქმედებებში როდესაც არის დანაშაულის ნიშნები, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ კანონი და სამართლიანი სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, როგორც ეს დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები ისევ იმგვარად დამარცხებიან, როგორც ნიკა მელია დამარცხდა, უგულავა დამარცხდა, ასევე სააკაშვილი," - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ოპოზიციაში უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხია. საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო შეფარდებული გირაო არ გადაუხდია ნიკა გვარამიას, რომლის სასამართლო პროცესიც ერთ საათში უნდა დაიწყოს. თანხის გადახდას არ აპირებენ არც ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, რადგან მისი თქმით, ყველა საპატიმროში ვერ იქნება. გირაო უკვე გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.