24 აგვისტო 2026,   14:18
ვრცლად
"აღკვეთის ღონისძიების თანხის გადახდა, არ ვფიქრობთ, რომ ხელს უშლის წინააღმდეგობას" - ლანა გალდავა

გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციაში უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გახდა, შეფასებები კეთდება. საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო შეფარდებული გირაო არ გადაუხდია ნიკა გვარამიას. თანხის გადახდას არ აპირებენ არც ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, რადგან მისი თქმით, ყველა საპატიმროში ვერ იქნება.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ყველა ისე გამოხატავს პროტესტს, როგორც თავად სურს. 

"ყველა გადაწყვეტს ინდივიდუალურად, ვისაც როგორ წარმოუდგენია თავისი ბრძოლის გზა. ზოგს წარმოუდგენია მისი ბრძოლა, მათ შორის შეიძლება პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატული, რასაც ციხეში ჩაჯდომა ჰქვია, სხვას წარმოუდგენია სხვანაირად. მე პირადად განვაცხადე არა ერთხელ, რომ არც პარლამენტში ვაპირებ მისვლას, რაც არ უნდა მისი სტრუქტურა იყოს და ბუნებრივია, არც არაფრის გადახდას," - ამბობს გიორგი ბარამიძე.

გირაო უკვე გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ გირაოს გადახდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ გულისხმობს. 

"ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველდღიურად ვართ პარტიულ მშენებლობაში, ვართ ქუჩის პროტესტში. ამიტომაც, აღკვეთის ღონისძიების თანხის გადახდა, არ ვფიქრობთ, რომ ხელს უშლის წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსმა შეიძლება მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ამ კრიტერიუმით, მაშინ ჯარიმის ქვითრებიც არ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ ვიხდით იმიტომ, რომ იძულებულები ვართ, გადავიხადოთ. ამ შემთხვევაში, ლეგიტიმაციას არ სძენს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას," - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები