ემანუელ მაკრონი ირაკლი კობახიძესთან საკუთარი სურვილით მივიდა და მას მეგობრულად გაესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს რამდენჯერმე დაუბრუნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტს. კომუნიკაცია შედგა საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, კაია კალასთან, პოლონეთისა და ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრებთან.
იყო საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან, ესტონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის პირველ პირებთან, ასევე - სერბეთის პრეზიდენტთან.
სამიტის ფარგლებში, ოფიციალურ და არაოფიციალურ ფორმატში, 30-მდე ქვეყნის ლიდერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული გზავნილები გაუზიარა.
ირაკლი კობახიძეს დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ევროპის პოლიტიკური ლიდერები კარგად ხვდებიან საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას როგორც ზოგადად კონტინენტისთვის, ისე - კონკრეტულად ევროკავშირისთვის.
საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიაში საკვანძო როლის მქონე ქვეყანასთან დიალოგის საჭიროებაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმაც მიუთითა. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ფაქტორზე ქვეყნის პოზიცია კი ლიდერებს თავად საქართველოს პრემიერმა გააცნო, როდესაც მონაწილეობას მრგვალი მაგიდის ფორმატში, "ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე" დისკუსიაში იღებდა.
ტირანაში გახმოვანებული კონკრეტული გზავნილები და შეხვედრები თბილისში პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლების დასაწყისად შეფასდა.
უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია ვიზიტის მოსალოდნელ, პოზიტიურ შედეგებზე საუბრისგან თავს იკავებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ლიდერების კომუნიკაცია პროტოკოლის ნაწილია.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეეხსენებინა - საქართველო ეროვნული და ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება. უმრავლესობაში, პრემიერ-მინისტრის გზავნილების მსგავსად აქცენტს უსამართლო დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზეც აკეთებენ.
ალბანეთის დედაქალაქში გამართულ სამიტს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრებს გამოხმაურება მალევე მოჰყვა საერთაშორისო მედიაშიც. "ევრონიუსმა" ვრცელ სტატიაში დაწერა, რომ ევროპელ ლიდერებთან ირაკლის კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილებულია ემანუელ მაკრონის მეგობრულად გაწვდილ ხელზე.
ირაკლი კობახიძე საქართველოს შესახებ უნგრულ მედიასაც ესაუბრა. ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე და ტურისტულ შესაძლებლობებზე გაამახვილა. როგორც მთავარმა რესპონდენტმა პოლიტიკური კარიერის გარდა, უპასუხა სპორტის შესახებ დასმულ კითხვებსაც.
ალბანეთის დედაქალაქი ევროპელ ლიდერებს საგანგებოდ მომზადებული დახვდა. ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-7 სამიტი 6 თვეში უკვე დანიაში ჩატარდება. ღონისძიება 2022 წლიდან, წელიწადში ორჯერ - ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში ტარდება.