23 აგვისტო 2026,   10:08
ვრცლად
"ნამდვილად განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი უმაღლეს დონეზე" - თინა ბოკუჩავა

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა, ოპოზიცია ეხმაურება.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის პრივილეგიები, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან ჰქონდა და საერთო ღირებულებებზე იყო დაფუძნებული, გადახედვის პროცესშია.

"უვიზო მიმოსვლა და ნებისმიერი სხვა პრივილეგია, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს არაწევრ ქვეყნებს, ეფუძნება ღირებულებებს და ამ ღირებულებებში, მერწმუნეთ, არ შედის ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიების განხორციელება, დრაკონული კანონების მიღება, ადამიანების უკანონოდ დაკავება. შესაბამისად, ის პრივილეგიებიც, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული, ბუნებრივია, სამწუხაროდ, არის გადახედვის პროცესში. ნამდვილად განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი უმაღლეს დონეზე," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ესტონეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას ემსახურება.

"უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა შეუჩერდეთ. დასავლური სამყარო, მათ შორის, ესტონეთი, ათწლეულების განმავლობაში არის საქართველოში დემოკრატიის ევროპული გზის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, იღებს შესაბამის ზომებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ის, რომ მათ არ უნდათ ე.წ. ვითომ დიპლომატები ან პოლიტიკოსები შედიოდნენ მათ ქვეყანაში უვიზოდ, ეს არის ნათელი, ძალიან სწორი პოზიცია, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რეპრესიებს. ესტონეთი განმარტავს, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა ასახოს. ესტონეთის საგარეო მინისტრის თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

დღის ამბები