პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "ღამის კურიერის" ეთერში კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე ამბობს, რომ "როდესაც საჭირო იქნება მაშინ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გამოაქვეყნებენ მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებს იმას, თუ რა ხდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირსა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. საუბარია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ".
როგორც მაჭავარიანი ამბობს, ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ადრესატმა ეს თემა სწორად აღიქვა."
"ბატონი კახი, გარდა იმისა, რომ თბილისის მერია, პარტიის გენერალური მდივანია, ძალიან მაღალი პოზიციაა ეს ჩვენს პარტიაში და შესაბამისად, როდესაც ბატონი კახი კალაძე ამას ამბობს, რა თქმა უნდა, ჰაერზე ამას არ ლაპარაკობს. მე არ მაქვს უფლება, რომ ბატონი კახის კომპეტენციაში შევიდე და მის მაგივრად გავაკეთო კომენტარი. თუ საჭირო იქნება, იგი უფრო გაშლის თემას, მაგრამ ეს ადრესატმა დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად და კარგად გაიგო. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ადრესატმა ეს თემა სწორად აღიქვა. დანარჩენ დეტალებში შესვლის უფლება არ მაქვს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.