მმართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩს პოლიტიკური მიკერძოების გამო აკრიტიკებს. საუბარია ვიდეომიმართვაზე, რომელიც საელჩოს ოფიციალურ გვერდზე პრესის თავისუფლების დღეს გამოქვეყნდა. გარეტ უორდმა საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე ისაუბრა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს, უორდს არჩევნებამდე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ საქართველოში მედიას სწორედ გარეტ უორდის სამშობლოში არსებული კანონების ანალოგი არეგულირებს.
ბრიტანელმა დიპლომატმა ვიდეომიმართვა 3 მაისს გაავრცელა. გარეტ უორდმა ქართული კანონმდებლობა გააკრიტიკა და ხელისუფლება ჟურნალისების შევიწროებაში დაადანაშაულა.
სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას უსაფუძვლოს, ელჩის რიტორიკას კი ობიექტურს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ბრიტანეთს ქართული მედიის განვითარებაში სოლიდური წვლილი შეაქვს, რაც ელჩს მსგავსი საკითხების კომენტირების უფლებას აძლევს.
"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ ოპონენტები დიპლომატის დეზინფორმაციულ პოზიციას იცავენ. ამბობენ, რომ რეალურად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ყველაზე გამოცდილ ბრიტანულ სტანდარტს ეფუძნება, რისი აღიარებაც ელჩს არ სურს. დღეს მმართველ გუნდში დიპლომატის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციის მხარდამჭერი სხვა განცხადებებიც გაიხსენეს.
ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. კანონმდებლების თქმით, ახალი პაკეტი ბრიტანეთში BBC-სის სტანდარტით ცნობილი საკანონმდებლო ბაზის იდენტურია.