პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილმა ორგანიზაცია "ეისითის" მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში ფინანსური კრიზისი დაიწყება.
მახაშვილის განმარტებით, საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა პარტიული დაკვეთით შესრულებული, ვითომ გამოკითხვები.
მისი თქმით, ქვეყანაში არათუ ეკონომიკური კოლაფსი არ იქნება, პირიქით ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.
"საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა პარტიული დაკვეთით შესრულებული, ვითომ გამოკითხვები. ჩვენ არაერთხელ გვახსოვს, მათ შორის, დეკემბერში, რომ ეკონომიკურ კოლაფსს და "არმაგედონს" პროგნოზირებდნენ ვითომ ექსპერტები. ჩვენ ვნახეთ, რომ არათუ კოლაფსი, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან გვაქვს საქმე. მათ მიზანია, რომ სამყაროს დასასრული დახატონ და იერიში მიიტანონ იმ საკითხებზე, რაც არის ამ ქვეყნის, ამ მთავრობის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე - ეკონომიკური განვითარება და პროგრესი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.