25 აგვისტო 2026,   13:41
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელის ახალ გეგმასა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ისაუბრა - მას მმართველ გუნდში უპასუხეს

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიუსელის ახალ გეგმასა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ისაუბრა. ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ თემას ხელისუფლება სათავისოდ იყენებს და ევროპის მიზანი ქართველი ხალხის დასჯა არ არის. 

"ვიზალიბერალიზაციის თემა - ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, მოდის ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია. ასევე, არის მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან, არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პიროვნებებისა, როცა სანქციებს აცხადებენ," - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში":

"აწმყოსა და მომავალზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები, ქალბატონი სალომე არასდროს ყოფილა, არც აინტერესებდა და არც კომპეტენცია ჰყოფნიდა, რომ რაიმე პასუხისმგებლობა აეღო. ის დარჩება ყოველთვის მავნებლად, ის მავნებელთა და უსამშობლოთა ლიდერი გახდა და ამ სტატუსით მივაბრძანებთ მერე თავის საფრანგეთში. დაფინანსებული რეზოლუციებით ვერ შეგვაშინებენ. ქართველმა ერმა კარგად იცის თავისუფლების არსი, მისი ღირებულება და ფასი, ასე რომ, ეს შანტაჟი და მუქარა თავისთვის შეინახონ,"- აღნიშნავს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები