ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივების უკან, მმართველი გუნდი უცხოური დაფინანსების მიმღებ მესამე სექტორს ხედავს. პარლამენტის სპიკერმა, საკუთარ სოციალურ ქსელში სამოქალაქო სექტორი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობაშიც დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ წლებია დონორების ფული მხოლოდ პოლიტიკურ ლობიზმს ხმარდება, შედეგად კი, ენჯეოების მხრიდან ბოლო წლებში არაერთი ძალადობრივი აქტის სტიმულირება მოხერხდა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან დონორებს შეცდომების აღიარებას, შემდეგ კი USAID-ის მსგავსად პრიორიტეტების შეცვლას ურჩევს.
მესამე სექტორი ბრალდებებს დღეს არ გამოხმაურებია, მათი პოზიციის დაცვა კი, ტრადიციულად, ოპოზიციამ იტვირთა. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ენჯეოები საქართველოში წლებია, მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვით არიან დაკავებული.
არასამთავრობოების მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". პოლიტიკურ ცენტრში მათ საქმიანობას კრიტიკულად აფასებენ.
ძალადობრივი მოწოდებები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, დაპირისპირება და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი - ასეთია მმართველი პარტიის მიერ დანახული ქართული ენჯეოების საქმიანობა. სახელისუფლებო გუნდში არასამთავრობოებსა და ოპოზიციას საერთო, უცხოური ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ. ამბობენ, რომ მესამე სექტორში შემოსული ე.წ. შავი ფული საზოგადოების მიზანმიმართულ დაყოფას ხმარდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულიო გამოწვევაა.
ხელისუფლება რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციების არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ მიზნებზე ღიად საუბრობს. "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც მათ ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.