24 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
საგამოძიებო კომისია გახარიასთან ერთად, გვარამიას, ვაშაძეს და მელიასაც იბარებს - თეა წულუკიანმა დღეს, გასული 12 წლის განმავლობაში გახმაურებული საქმეების დეტალური მოკვლევა დააანონსა

დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიასთან ერთად, პარლამენტში ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიასაც იბარებს. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიის მანდატი გაფართოვდა და კანონმდებლებს 2012-24 წლებში მიმდინარე მოვლენების შესწავლაც დაევალათ, კომისიამ სამუშაო ვადის გახანგრძლივებაც მოითხოვა. თეა წულუკიანმა დღეს, გასული 12 წლის განმავლობაში არაერთი გახმაურებული საქმის დეტალური მოკვლევა დააანონსა.

გიორგი გახარიას, კანონმდებლების წინაშე, საუბარი 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მოუწევს. საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება - ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე დღეს იუსტიციის სამინისტროშიც ისაუბრეს. უწყებაში განმარტეს, რომ სასამართლოს სახელმწიფოს მოქმედებასთან კითხვები არ აქვს, ინტერესის თემა მხოლოდ დაგეგმვის ტაქტიკაა, რომელზეც პასუხისმგებელი მაშინ სწორედ გახარია იყო.

გახარიას რომ უწყება ჩაბარდა, მისი თანაპარტიელებიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ ექს-პრემიერი ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება. რას გადაწყვეტს გიორგი გახარია უცნობია, თუმცა პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ დაბარების შემთხვევაში კომისიაზე ისინი აუცილებლად მივიდოდნენ.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ პარტია "ახალის" ლიდერები. ისინი დღეს მედიასთან არ გამოჩენილან, თუმცა რამდენიმე დღის წინ პოზიცია სოციალურ ქსელში გამოხატეს. საჯარო ჩვენების მიცემაზე უარი "ფეისბუქზე" დაწერა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმაც.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს. კანონმდებლების აზრით, გასული 12 წელი ოპოზიციამ ქვეყანაში არაერთი დესტაბილიზაციური პროცესის მოსაწყობად გამოიყენა, რაზეც ჭეშმარიტების დადგენა ხელისუფლების ვალდებულებაა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დღეს მეთორმეტე სხდომა ჩაატარა. კანონმდებლები საქართველოს უახლესი ისტორიის ორი ათწლეულის პოლიტიკური პროცესების შესახებ, საბოლოო დასკვნას მიმდინარე წლის ზაფხულში გამოაქვეყნებენ.

დღის ამბები