აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, საერთაშორისო ფორუმი - "ახალი მსოფლიო წესრიგისთვის", 80 საერთაშორისო ექსპერტი და 44 ქვეყნის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი - ილჰამ ალიევმა ბრიუსელი გააკრიტიკა და ევროკომისიის პრეზიდენტის ის განცხადება გაიხსენა, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში, ცენტრალური აზიისა და ევროპის ლიდერების სამიტზე გააკეთა. ილჰამ ალიევის სიტყვებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა შუა დერეფანზე საუბრისას საქართველო საერთოდ არ ახსენა, რაც უსამართლობაა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროკომისიის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაც ახსენა და ეს ფაქტი ევროპული სტრუქტურის მხრიდან კოლონიალისტურ დამოკიდებულებას შეადარა. ალიევი ევროკომისიას ვარდისფერი სათვალეების მოხსნას და სამხრეთ კავკასიის საყვარელ და არასაყვარელ სახელმწიფოებად დაყოფისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ოფიციალური ბაქოდან ბრიუსელის კრიტიკა არ უკვირთ ქართულ ოპოზიციაში. მმართველ გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანისთვის, ევროკავშირში გაწევრიანება აქტუალური არ არის. "ქართული ოცნებისთვის" კი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება იმის დასტურია, რომ მსოფლიოში ადეკვატურად აღიქვამენ საქართველოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საერთაშორისო ფორუმზე, ილჰამ ალიევმა საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, კასპიისა და შავ ზღვას შორის ორი ქვეყანა ერთგვარი კარიბჭის ფუნქციას ასრულებს და, ამ სტატუსის გასაძლიერებლად, სამომავლოდ, ორმხრივი პროექტების განხორციელება გაგრძელდება.