25 აგვისტო 2026,   12:06
ვრცლად
ჯინ შაჰინი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია - სენატორის ამ პოზიციას საქართველოს პრემიერი "დიფ სთეითის" მხრიდან ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებს

ჯინ შაჰინი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია - სენატორის ამ სიტყვებს, ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

"დიფ სთეითის" მხრიდან ზეწოლის მორიგ მცდელობად აფასებს სენატორის პოზიციას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ შაჰინის განცხადებას სპეკულაცია უწოდა და გაიხსენა, რომ თავის დროზე, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, კონსორციუმმა პორტის განვითარებისთვის ინვესტორის მოძიება ვერ შეძლო.

სენატორ შაჰინის მოსაზრებას იზიარებს "ლელოს" ლიდერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მილიარდ ნახევარი კომპენსაციის მიღების ნაცვლად, სახელმწიფოსთვის 650 000 დოლარის გადახდა დაეკისრა. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციონერებიც.

მმართველ გუნდში კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამერიკულ კომპანიებს ნავსადგურში ინვესტირების ინტერესი არცერთ ეტაპზე არ გამოუხატავთ. ამ ფონზე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია ის კრიტიკა, რომელიც სენატორის მხრიდან ისმის.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ამ დროისთვის, ბელგიური კომპანიის მიერ, ზღვის დაღრმავებისა და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით პორტმა პირველი სატრანსპორტო გემები 2029 წელს უნდა მიიღოს.

დღის ამბები