პარლამენტში დღეს ამერიკული "ფარას" ანალოგით შექმნილი და ბრიტანული მოდელით შემუშავებული მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იწყება. ინიციატივებზე პირველი მოსმენით კომიტეტებზე იმსჯელებენ.
ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტები ამერიკაში მოქმედი "ფარას" პირდაპირი, სიტყვა სიტყვით თარგმანია.
დღის წესრიგშია ასევე იმ ცვლილების განხილვაც, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, კანონპროექტების მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებაა.
"რა თქმა უნდა ოპოზიცია, ამით უკმაყოფილო იქნება, ვინაიდან მათ ხელთ არსებული მედიასაშუალებები ტირაჟირებენ ტყუილებს, დეზინფორმაციას, აღვივებენ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში და მათ არ აწყობთ მისი კანონით დარეგულირება. ეს კანონით ისედაც იყო დარეგულირებული, ვხედავთ, რომ ამან არ იმუშავა.
რაც შეეხება დაფინანსებას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, გარე ძალამ რატომ უნდა დააფინანსოს მედიასაშუალება. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ გარე ძალას ამ შემთხვევაში აქვს პირდაპირი ინტერესი იმისა, რომ იქონიოს ჩვენი მოქალაქეების რაღაცა აზრის ფორმირებაზე გავლენა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.