პარლამენტში დღეს ამერიკული "ფარას" ანალოგით შექმნილი და ბრიტანული მოდელით შემუშავებული მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იწყება. ინიციატივებზე პირველი მოსმენით კომიტეტებზე იმსჯელებენ.
ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტები ამერიკაში მოქმედი "ფარას" პირდაპირი, სიტყვა სიტყვით თარგმანია.
პარლამენტში დღის წესრიგშია იმ ცვლილების განხილვა, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.
"თავის დროზე FARA-ზეც იყო საუბარი, თუმცა მაშინაც რატომღაც ამერიკული კანონი რუსულ კანონად მონათლეს. ჩვენ მივიღეთ გაცილებით ლმობიერი კანონი, მათ შორის იმაზე უფრო ლმობიერი, ვიდრე საფრანგეთმა მიიღო ჩვენს მიერ მიღებული კანონის შემდგომ. თუმცა იცით თქვენ, რომ სამოქალაქო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა შეგნებულად აარიდა თავი კანონის აღსრულებას.
ჩვენ არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, როგორიც ჰქონდა საფრანგეთს, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა ის გამოწვევების, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, გვაძლევს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ასეთი კანონმდებლობა, რომ კიდევ უფრო დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი უცხოური კანონებისგან, მათ შორის მედიაც.
ის, რომ მედიის და უცხო დაფინანსების აკრძალვა არის ევროპული სტანდარტი და სხვა ქვეყანაშიც ასე არის, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი და მედიამ უნდა შეძლოს განვითარება, გაძლიერება. არსებობდეს შეიძლება სხვადასხვა პროექტები ფონდები, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.
რადგან გამჭვირვალობის საკითხი ასე მტკივნეულია მედიისთვის და ბევრი რამე აქვს თურმე დასამალი დონორსაც, დადასტურდა მათ შორის USAID-ის და NED-ის სკანდალიდან გამომდინარე, ეს თავად ამერიკის მხარემ დაადასტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მედია იყოს დაცული ნებისმიერი უცხოური ჩარევისგან", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.