სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, თბილისის ქუჩებში საცობების ხელოვნურად შექმნა იგეგმება, რაც აღმაშენებლის ხეივანში დაგეგმილი აქციის მონაწილეების მხრიდან ტაქსების ცრუ გამოძახებას გულისხმობს.
ამ გეგმას ემიჯნებიან ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, თუმცა მათი პროტესტის მიზეზი მათივე სფეროში არსებული პრობლემებია. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების საკითხი.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მოუწოდებენ, საკუთარ კოლეგებს რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
"მომწერეს გუშინ ღამით, რომ აპირებენ მსგავს რამეს. ჩვენი პირველი მოწოდება, ჩვენი შეკრებისთანავე იყო, რომ დღეს, 16:00 საათისთვის ყველა მოვერიდოთ აღმაშენებლის ხეივანს, იმიტომ რომ სრულიად აპოლიტიკურია ჩვენი დღევანდელი პროტესტი და არ ვგეგმავთ საერთოდ შევუერთდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი წარმომადგენლობით, ცდილობენ მოახდინონ ის კოლაფსი, რომელსაც გეგმავენ. ოპოზიციონერები სხვანაირად რომ ვერ გვიყენებენ გვერდში, ცდილობენ, ამ გზით კოლაფსი მოახდინონ და ჩირქი მოგვცხონ ჩვენ. გზების ჩახერგვა გამორიცხული ამბავია, მშვიდობიანად ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან არ იგეგმება, არც გზის გადაკეტვა, არც ჩახერგვა და არც დამატებითი პრობლემების შექმნა ქალაქში, იმიტომ, რომ ყოველდღიური მათი 20-კაციანი გადაკეტილი გზების შედეგად, ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით," - აღნიშნა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.