02 სექტემბერი 2026,   00:26
ვრცლად
"ამ მასშტაბის ლიდერი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არ ჩართულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ" - თამაზ დათუნაშვილი მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო საუბარზე

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დონის ლიდერი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ჩართულა. ამის შესახებ მანდ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, საფრანგეთს საელჩოს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში აღნიშნული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის ინიციატორი სწორედ მაკრონი იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მასშტაბი არის აქამდე არნახული. ამ მასშტაბის ლიდერი - საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი რვიანის ლიდერი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არ ჩართულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მაკრონის პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ელისეს სასახლეს კომუნიკეში ეწერა, რომ ემანუელ მაკრონის ინიციატივა იყო ამ სატელეფონო საუბრის ჩატარება და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. ძალიან ცალსახა და მოკლე კომუნიკე იყო, რომელშიც პირველ რიგში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოთხოვნა, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო შემოუერთდა და მთელი საქართველო აყენებს დღეს, არის დაუყოვნებლივ შეწყვეტა წამების, არაადამიანური მოპყრობის, არბიტრალური დაკავების და დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა იმ საქმის, რომელიც ამ პოლიტიკურ პროცესებს ეხება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ადამიანები გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლებები იქნას უზრუნველყოფილი და დაცული სრულფასოვნად

ამის შემდეგ, კომუნიკეში იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისის განტვირთვა შეიძლება მხოლოდ საუბრით. ჩვენც ამას ვამბობთ, ოღონდ ამ საუბარს აქვს აუცილებელი წინაპირობა. დღეს, ასობით საქართველოს მოქალაქე "თითიდან გამოწოვილი" მიზეზით, ისე როგორც ეს ახასიათებს ძალიან მახინჯ ავტოკრატიებს, დაპატიმრებულები არიან და ციხეებში სხედან, სისტემური არაადამიანური მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი არიან. ჟურნალისტები პირდაპირ იყვნენ არ შერჩევითი ძალადობის მსხვერპლები. ალეკო ელისაშვილი დღეს ციხეში ზის თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმით და პოლიტიკური რევანშის სარჩულით. საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ, მათ აწამებენ და ახლაც იზოლატორებში სხედან. ამ სიტუაციას, საკუთარი ქვეყნისადმი ჯიბგირულ დამოკიდებულებას თუ არ შეწყვეტს "ქართული ოცნება", შეუძლებელია რაიმე კრიზისის განტვირთვაზე საუბარი", - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის.

დღის ამბები