02 სექტემბერი 2026,   08:18
ვრცლად
12-დღიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 400 კაცს აჭარბებს - მათ უმეტესობას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება

12-დღიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რიცხვი 400 კაცს აჭარბებს, მათ უმეტესობას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირებიდან დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევად 10-ზე მეტი დემონსტრანტი ცნო. ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობენ. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსით საქმე აღძრულია 40 პირზე.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს, საქალაქო სასამართლო, დილიდან განიხილავდა. 10-ზე მეტი პირის მიმართ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადა.

ბესიკ ლიპარტელიანი და რატი ბოქოლიშვილი სამართალდამრღვევად ცნეს და მოსამართლისგან შენიშვნა მიიღეს. ლიპარტელიანსა და ბოქოლიშვილს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. ისინი პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

სამართალდამრღვევად ცნო და 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ 18 წლის დემონსტრანტი სანდრო ქინქლაძე. ის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, რომ დაკავებულის მიმართ მკაცრი სასჯელი გამოეყენებინათ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დემონსტრანტებს, ერთი პოზიცია აქვთ - ჰყვებიან, რომ მშვიდობიან აქციაში იღებდნენ მონაწილეობას და კანონი არ დაურღვევიათ. ინტერესების დამცველები კი მათი დაცვის ქვეშ მყოფების სხეულზე არსებულ დაზიანებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით 40-მდე პირი დააკავეს.

დღის ამბები