24 ივნისი 2026,   03:03
ვრცლად
აშშ, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობაში კორექტირებას შეიტანს

აშშ, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობაში კორექტირებას შეიტანს. მიზანი, ირანისგან და მისი სატელიტი დაჯგუფებებისგან მომდინარე საფრთხის ფონზე ისრაელის თავდაცვის გაძლიერებაა, ისევე როგორც თავად ამერიკული ჯარების დაცვა რეგიონში.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკვე განაცხადა თანხმობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნაზე, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც შეუძლიათ.

რეპოზიციის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთში გაიგზავნება საბრძოლო თვითმფრინავების დამატებით ესკადრილიაც. ამაზე საუბარი ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის შედგა.

"ირანის, მისი პარტნიორებისა და მარიონეტების მხრიდან მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ მდივანი ოსტინი უკვე ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს. მან ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და მინისტრს დამატებითი ზომების შესახებ აცნობა. საუბარია აშშ-ის მხრიდან თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებსაც დეპარტამენტი ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად მიიღებს. ეს შეიძლება ეხებოდეს დამატებით ჯგუფებს, დამატებითი შესაძლებლობებით. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ საუბარია თავდაცვით შესაძლებლობებზე. ლოიდ ოსტინს სჯერა, რომ ომი გარდაუვალი არაა და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს." – აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი, საბრინა სინგი.

შეგახსენებთ, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ გამწვავდა, რაც თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ირანის რელიგიურმა ლიდერმა ისრაელზე შურისძიების ბრძანება გასცა.

ევროპული ქვეყნები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

დღის ამბები