როგორ გამოვიმუშაოთ წარმატებისთვის აუცილებელი ჩვევები - ამ თემაზე "რუსთავი 2"-ის ეთერში სპიკერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა. მისი თქმით, წარმატების მისაღწევად ადამიანმა მკაფიოდ უნდა დაისახოს რამდენიმე მიზანი და მასზე მაქსიმალურად, ყოველდღიურად უნდა მოახდინოს კონცენტრაცია.
ჯეჯელავა ამბობს, რომ ადამიანს 3-4 საკითხზე ერთდროულად კონცენტრაცია არ შეუძლია, სწორედ ისე, როგორც ზღაპრული ოქროს თევზი 3 სურვილზე მეტს ვერ ასრულებს.
"ოქროს თევზი და 3 სურვილი ხომ გახსოვთ? ამ ამბავს აქვს მეცნიერული სიღრმე - ადამიანს შეუძლია 3-4 რამეზე კონცენტრაცია, მეტზე არა. ამიტომ, ჩვენ ვისაც ველაპარაკებით, ვეუბნებით, რომ 3 რაღაცა აირჩიე და ყოველდღე "მიაწექი".
ამ სამი სურვილიდან ერთი მოგიწევს, რომ დაუკავშირო შენს თავს. არ არსებობს პერიოდი ცხოვრებაში, როცა შენში რაღაც არ არის შესაცვლელი. შეიძლება ჯანმრთელობის საკითხი იყოს, სწავლის საკითხი და ა.შ. მეორე - საახლობლოს ერთი სურვილი ეკუთვნის. ან შვილი, ან დედა, ან ვიღაც აუცილებლად იქნება "შარში" და დასჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია და მესამე - პროფესიულს ვერ გამოტოვებ, თუ ასპარეზზე ხარ.
ანუ, თუ ოქროს თევზი 3 სურვილს ასრულებს, გამოდის, რომ ერთს პიროვნულს ასრულებს, ერთს საახლობლოსთან დაკავშირებულს და ერთს პროფესიულს. შესაბამისად, გამოდის, რომ ეგეც პრობლემაა - თუ გაიფანტე და მილიონი რაღაც გინდა, ყოველ დილით, შენს ოქროს თევზს თუ ესმის სხვადასხვა ამბები - ერთ დილას დასვენება გინდა, მეორე დილას - გახდომა, მესამე დილას - დაწინაურება, ვერ გაიგო ამ თევზმა, რა გინდა. კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ. ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით და ვკონცენტრირდებით, ეს ცვლილებები შეიცვლება. კბილების ხეხვა "ხანდახან" არ მუშაობს და არც განვითარება ხდება "ხანდახან". ამიტომ, ჩვენ ამოსარჩევი გვაქვს, ამ პერიოდში, კონკრეტულად, ამ ზაფხულს რაზე ვკონცენტრირდეთ. ადვილი არ არის, რადგან გამოდის, რომ რაღაცები უნდა ჩავხსნათ," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მანვე განმარტა, რომ ეს "ოქროს თევზი" თავად ამ ადამიანის პიროვნება, მისი შინაგანი ენერგიაა.
"შენ ხარ შენი თავის ოქროს თევზი - შენი ენერგია, ბუნება, სული - რისიც გჯერა, ეს არის შენი ოქროს თევზი და თვალებში გიყურებს ყოველ დილით. პირველი ნაბიჯი არის აღიარება და დეკლარირება, რომ ნამდვილად ეს გინდა. ოქროს თევზი ჭკვიანია - ხვალაც მოგიცდის, ზეგაც და დარწმუნდება - მართლა გინდა? თუ შეცვლი ისევ? ამიტომ, რაღაც მიზნები უნდა დასტაბილურდეს, უნდა მოხდეს ისე, რომ ყოველ დილით, შენ ერთსა და იმავე შეკვეთას უნდა აჟღერებდე და შენი ოქროს თევზი, ანუ შენი პიროვნება, ხვდება, რომ მართლა ეგ გინდა," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ამ 3 სურვილის არჩევაში ადამიანს თავისი გარემოცვა უნდა დაეხმაროს, რათა "მიზანი გაასწოროს" და დარწმუნდეს, რომ ნამდვილად სჭირდება ის, რისი სურვილიც აქვს.
"მერე უკვე ვფიქრობთ, ყოველ დღე რა შეიძლება კეთდებოდეს. ჩვენ გვიყვარს გრანდიოზული მიზნების დასახვა, მაგრამ დღეს რა შეგიძლია, რომ გააკეთო, მაგაში გადათარგმნა არის საკმაოდ რთული. ამაშიც დახმარება გვჭირდება და ვიღაც ხალხი უნდა იყოს გარშემო, ვინც დაგვეხმარება. მაგალითად, იმისი, თუ ვის გაუვლია ის გზა, რომლის გავლასაც აპირებ. ხანდახან ამპარტავნება გვიშლის, არადა ცხვირწინაა ადამიანი, ვისაც ჰკითხავდი - შენ ეს როგორ მოახერხე? ერთია, რომ დავსვა ეს შეკითხვა და მივცე ჩემს თავს უფლება და მეორეა - რომ მოვისმინო პასუხი, რადგან ის ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ "დილა მშვიდობისა - საქართველო"-ს ეთერში.