ფონდ "ფეა თრიიზ"-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი დვალი ფონდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივაციას უარყოფს.
მისივე თქმით, ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი დანიელი წარმოშობის ქალია, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
"ფონდის დამაარსებელი არის დანიელი ქალბატონი, რომელმაც შეურაცხყოფად ჩათვალა, რომ ამ ახალი კანონით რეგისტრაცია უწევს, როგორც უცხოურ ძალას. ამაზე აქვს პროტესტი, რაჭისთვის კარგ საქმეს ვაკეთებ და არ უნდა ვიყო რაღაც რეესტრებშიო. მისთვის მიუღებელია ეს ახალი კანონი. არანაირი პოლიტიკური ამბიცია აქ არავის არ აქვს," - აცხადებს ირაკლი დვალი.
შეგახსენებთ, რომ ფონდი "ფეა თრიიზი"-ის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული კანონი უკვე ნეგატიურად აისახა მათ მუშაობაზე, რის გამოც ონის მერიასთან ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერეს.
მმართველი პარტია ფონდის განცხადებას "ლელოს" და მისი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.
ფონდის განცხადების საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა ონის მერიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდის გადაწყვეტილება სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს.