საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი, ჯეიმს ულინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავებას ეხმაურება. დაკავებული აშშ-ის მოქალაქეა.
ჯეიმს ულინი ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.
"ძებნილი პირის დაკავება 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ფედერალური გამოძიების ბიუროს, აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაქცეული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის.
მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც გაგვაჩნია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში," - აღნიშნა ჯეიმს ულინიმ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა.
დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.