14 ივნისი 2026,   05:52
ვრცლად
15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - ბათუმში სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გოგონა, რომელიც ბათუმში კორპუსიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო და თავი მოიკლა.

დაკავებული 23 წლის ლაშა ნინიძეა. რაც შეეხება გარდაცვლილთან მის კავშირს, როგორც ირკვევა ლაშა ნინიძე რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდა გარდაცვლილ გოგონას და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოსამართლემ სასამართლო პროცესი მედიისთვის სრულად დახურა. თუმცა, მოგვიანებით პროკურორის განმარტებით, დაკავებულმა ლაშა ნინიძემ დღეს დუმილის უფლება გამოიყენა, შესაბამისად უცნობია ის აღიარებს თუ არა ბრალს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 1 პირს ბრალი გუშინ წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრულწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 12 ივნისს მოხდა.

"მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვანის სიკვდილი მოჰყვა. შესაბამისად, ბრალდების მხარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის ფარგლებში უმკაცრესად აგოს პასუხი.

ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში.

მომხდარი ფაქტიდან მალევე საგამოძიებო უწყებამ ინტენსიურ რეჟიმში ოპერატიულად ჩაატარა მოცულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მალევე მოხდა ბრალდებულის დადგენა და დაკავება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ კი გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავთ ბრალდების დამძიმებას," - აცხადებს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.

დღის ამბები