კვლავ საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ღამით უკრაინის რამოდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში. გენშტაბის ინფორმაციით, ბრძოლის ცხელ წერტილად კვლავ რჩება ბახმუტი. ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის არმიამ მრავალსართულიან შენობებზე ქალაქში კონტროლი დაკარგა, თუმცა ამბობენ, რომ გარეუბანში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.
ვრცელდება ინფორმაცია ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე იერიშის შესახებ. სოციალურ ქსელში დაიდო კვამლის ფოტოები და ვიდეო-კადრებიც. ოფიციალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არ გაკეთებულა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინისათვის F-16 თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტულად მიიჩნევს და ამ მიზნის მისაღწევად უახლოეს თვეებში იმუშავებს.
ამავე დროს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ალიანსის ლიდერებს, დააჩქარონ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია.