ბახმუტი, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლას 5 ქართველი შეეწირა, ახლა, სოლედართან ერთად, ყველაზე ცხელი ზონაა - სწორედ ამაზე საუბრობდა ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც ფრონტზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
"დონეცკის ოლქში ბახმუტი და სოლედარი - ყველაზე ცხელი, ყველაზე მტკივნეული წერტილებია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს, ჩვენს გმირებს, რომლებიც იქაურობას იცავენ. უდიდესი მადლობა მათ.
ლუჰანსკსა და ხარკივშივამაგრებთ ჩვენს ძალებს. სამხრეთით განვარგძობთ ოკუპანტების განადგურებას . საზღვარი - ვამაგრებთ მთელს პერიმეტრს. შავი ზღვრის აკვატორია - ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ "კალიბრები" ზღვის ფსკერზე იყოს," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუჰანსკის ოლქის პლოშანკასა და ბილოგორივკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის - ბერესტოვის, ბილოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, ოპიტნეს, ანდრივკას , ვოდიანეს, პერვომაისკეს, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებებზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე ენერგეტიკული სისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ხერსონის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი არ წყდება. მტრის ჯარების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვა გრძელდება. ხერსონის ოლქის დასახლებებში რუსი დამპყრობლები აიძულებენ ადგილობრივ მოსახლეობას, შვილები საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნონ რუსული პროგრამით სასწავლებლად, მშობლის უფლებების ჩამორთმევით მუქარით.
გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 22 დარტყმა განახორციელა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის სუ-25 თვითმფრინავი და ორლან-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი,"- ამბობს სტუპუნი.
უკრაინის ამოცანა ახლა დაბრუნებული ტერიტორიების გაწმენდა, მათი შენარჩუნება და ახალი კონტრშეტევების დაგეგმვაა, რომელთა გააქტიურებას ანალიტიკოსები დეკემბრის ბოლოდან ელიან.