ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესებას სუსტ პოზიციას უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ასე რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში, დაახლოებით, 100 მილიარდი დოლარით შეივსება. ეს ფული კი არა მხოლოდ ომზე, არამედ ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც დაიხარჯება, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ.
"მსოფლიოში დასრულდა დისკუსია ფასების ლიმიტებზე, ანუ, რუსული ნავთობის საექსპორტო ფასის შეზღუდვის შესახებ - სამწუხაროდ, დიდი გადაწყვეტილებების გარეშე, რადგან ვერ დაარქმევ "დიდ გადაწყვეტილებას" რუსეთის ფასებზე ასეთი ლიმიტის დაწესებას, რაც საკმაოდ კომფორტულია ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის.
რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის შეგნებული დესტაბილიზებით, მაგრამ მსოფლიოს მაინც არ შეუძლია მისი ნამდვილი ენერგეტიკული განიარაღება. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, მაინც, როდის გახდება უფრო სერიოზული ინსტრუმენტების გამოყენება საჭირო?! ლოგიკა აშკარაა - თუ რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 60 დოლარია ნაცვლად, მაგალითად, 30-ისა, რომელზეც პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები საუბრობდნენ, მაშინ რუსეთის ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს ფული არა მხოლოდ ომზე და არა მხოლოდ რუსეთის მიერ სხვა ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების სპონსორობაზე წავა, არამედ ზუსტად იმ ქვეყნების შემდგომ დესტაბილიზაციაზეც, რომლებიც ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების არიდებას ცდილობენ," - ამბობს ზელენსკი.