ცხრამუხას დედათა მონასტერში მომხდარ შემთხვევას და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს სასულიერო პირები ეხმაურებიან. მათი განმარტებით, მომხდარი მთელი ერის სირცხვილია, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ხელი კონკრეტული პირისთვის არ დაუდია და ეს მხოლოდ ვარაუდი იყო.
"ასე ზუსტად ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. მამა ანდრიას ნათქვამიც ვარაუდი იყო, ხომ არ დაუდია ხელი, რომ ვიღაცის ბრალია, ეს გამოძიებიდან გამომდინარე დადგინდება - რა და რატომ იყო. ის, რომ ტელევიზორს უყურა ადამიანმა, წავიდა და ეს ჩაიდინა, ასე კონკრეტულად ვერ იტყვი, მაგრამ ის ყველაფერი, რაც დღეს ეკლესიის მიმართ ხდება, ეს არ არის გაშუქება, ეს არის პროპაგანდა, რომ ეკლესია არის ცუდი, მარგინალური ძალა," - განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოვანემ.
ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ შალვა კეკელიას შეფასებით კი, მომხდარი მთელი ერის სირცხვილი და თითოეული ადამიანის დანაშაულია.
"დამნაშავეა ყველა ის სასულიერო პირი, ვინც არაწმინდად ცხოვრობს, დამნაშავეა ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც ყოველ კვირა ეკლესიის წინააღმდეგ გადაცემებს აკეთებს და ქადაგებენ, რომ მღვდლები თურმე საშინელები არიან. ამაში არის მთელი ერი დამნაშავე, ვინც წვლილი შეიტანა," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ, ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარში პირველ რიგში ყველა ის პირი დაადანაშაულა, ვინც ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევა, მათ შორის ჟურნალისტები.