სავარაუდოდ, ვაკის პარკის შადრევნის პროექტი შეცვლილია - ამის შესახებ კომპანია "ელემსის" ადვოკატი აცხადებს. მისი განცხადებით, პროექტის მიხედვით, ელექტროსადენების ე.წ. ტუმბო, შადრევნის მიღმა 2-3 მეტრის სიღრმეში, მიწაში უნდა ყოფილიყო განთავსებული, რეაბილიტირებულ პროექტში კი აღმოჩნდა, რომ ელექტროობის ძრავი შადრევნის შიდა სივრცეში იყო დამონტაჟებული.
ამ კომპანიამ შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც შემდეგ "გრინსერვის პლუსმა" განახორციელა.
კომპანიის არქიტექტორმა ჩვენება პოლიციას უკვე მისცა. ვაკე საბურთალოს მთავარ სამმართველოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დღეს კიდევ რამდენიმე მოწმე გამოიკითხება.
ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია ამბობს, რომ პროექტში ცვლილება მოხდა და მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ ე.წ. ტუმბო იყო განთავსებული ისე, როგორც არ იყო მათ პროექტში.
"წარვადგინეთ ჩვენ ელექტრონული ვერსია თვითონ პროექტის, რომ ტუმბოები იყო გამოტანილი მრგვალი შადრევნის გარეთ. დაშორება იქ იყო დაახლოებით 2-3 მეტრი. მოხდა რაღაც ცვლილება პროექტში, რომელიც პროექტამდე ორგანიზაციისთვის იყო უცნობი. მომხდარის შემდეგ შევიტყეთ, რომ მოწყობილობა, ტუმბო იყო განთავსებული ისე, როგორც არ იყო ჩვენ პროექტში. რაღაც მოხდა და გაიპარა, მინიმალური, 12 ვოლტი ძაბვა, სისტემა ავტომატურად თიშავს ყველა ელექტრო მოწყობილობას," - ამბობს ზაზა ნაჭყებია.