09 ოქტომბერი 2026,   11:53
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - ენმ-ის წევრები მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტის ჯეიმს კობის შეშვებას ითხოვენ

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტის ჯეიმს კობის შეშვებას ითხოვენ. 

ცოტა ხნის წინ უწყებაში გიული ალასანია და სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მივიდნენ, ისინი დოკუმენტაციას ხელახლა წარადგენენ. ერთი დღით ადრე სამინისტრომ გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ჯეიმს კობის საექიმო საქმიანობის ლიცენზიის აღებაზე არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრეს უარი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.

"ჩვენ ვითხოვთ ექსპერტის დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან, რომ მან შეძლოს მისი მონახულება და გამოკვლევა. ნუთუ აქ რაიმე სირთულე შეიძლება არსებობდეს, თუ არა პოლიტიკური ნება, რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ, თუ ამას არ გააკეთებს რუსული ხელისუფლება, ბუნებრივია, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს,“ - ამბობს ნიკა მელია.

აქციაზე იმყოფება პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან ადამიანების ვიწრო ჯგუფის კონკრეტული პრობლემა. ეს არის საზოგადოების, საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდი გამოწვევა და ამისთვის საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პრობლემა აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ეკატერინე ხერხეულიძე საზოგადოების მხრიდან პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"პოლიტიკური ანგარიშსწორება წყვეტს მას უმკურნალონ თუ არა. ამასთან გვაქვს საქმე. მეტი აქ არაფერი არ ხდება. საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხელისუფლებას არაფერი არ ესმის," - ამბობს ეკატერინე ხერხეულიძე. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები