03 დეკემბერი 2022,   00:59
ვრცლად
24 საათში უკრაინის 13 დასახლებული პუნქტი დაიბომბა - ბოლო ამბები ფრონტის ხაზიდან

სანამ უკრაინაზე შესატევად ცოცხალი ძალის რიგებს შეავსებს, მოსკოვი უკრაინის ქალაქებს კვლავ რაკეტებითა და ირანული კამიკაძე დრონებით უტევს. ბოლო 24 საათში, ქვეყნის 13 დასახლებული პუნქტი დაიბომბა, მათ შორის ოდესაში მდებარე სამხედრო ნაწილები, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, თუმცა კიევს როგორც ჩანს მოსკოვის სარაკეტო დარტყმების აღარ ეშინია და ახალ კონტრშეტევებს გეგმავს. ვოლოდიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის დეოკუპაციის მორიგი საბჭო ჩატარდა, სადაც არმიას ახალი სამიზნეები დაუსახეს.

ახალ სამიზნეებს უკრაინული არმია ამერიკული ზე-ზუსტი იარაღის ახალი პარტიით შეუტევს და თავსაც დაიცავს. ზელენსკი არ მალავს, რომ ვაშინგტონმა კიევს სუპერ თანამედროვე სარაკეტო-საზენიტო სისტემა "ნასამსი" გადმოსცა, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს რუსული რაკეტები უფრო ეფექტურად გაანადგუროს, ამერიკული საარტილერიო საშუალებებით კი უკრაინელები სულ უფრო მეტ რუს სამხედროს კლავენ. დღეს, დილით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში სარაკეტო დარტყმით კიევმა მტრის მხარეს გადასული კოლაბორაციონისტები დახოცა, რომელთა შორის რადას ყოფილი დეპუტატიც იყო, ვაშინგტონი კი მოსკოვს ბირთვული იარაღით მუქარის საპასუხოდ ღია ტექსტით ეუბნება, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში პასუხი საშინელი იქნება.

იზიუმში წამებით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი რამდენიმე ასეულით გაიზარდა. ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 45 000-ს არ აღემატებოდა, კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

დილიდან საოკუპაციო ძალამ ოდესის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა. გამოიყენეს ირანული წარმოების კამიკაძე დრონები. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ორმა კი თავდაცვის ობიექტი გაანადგურა, თუმცა კონკრეტულად რა ნაგებობაზეა საუბარი ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს.

რუსულმა არმიამ დაბომბა ზაპოროჟიეს ოლქიც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაისროლეს 5 რაკეტა, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. დაზიანდა საბავშვო ბაღი და ამბულატორია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა არმიამ 40-ზე მეტ დასახლებას გაუხსნა ცეცხლი როგორც არტილერიით, ისე ავიაციის მეშვეობით, გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატებიც. განადგურებულ ობიექტების უდიდესი ნაწილი სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა.

დანკარგი აქვს საოკუპაციო ძალასაც. მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განადგურებულია რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და მი-8 ტიპის ვერტმფრენი. უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების 4 კამიკაძე დრონი. აფეთქებულია რუსული საბრძოლო მასალის 5 საცავი, ლიკივიდირებულია 500-ზე მეტი ოკუპანტი.

ხმის მიცემის შედეგები კი კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, შთამბეჭდავია. რუსული გამოცემების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო სახალხო რესპუბლიკებში მიმდინარე რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა 3 დღეში 76 პროცენტზე მეტი იყო. ხერსონსა და ზაპოროჟიეში კი - 48. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ "რეფერენდუმი", რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ხვალ დასრულდება.

დღის ამბები