"რუსთავის წყალი" 50 000 ლარით დაჯარიმდა. ფულადი სანქცია კომპანიას მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით დაეკისრა. მიზეზი, რუსთავის მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებია. უკვე დაიწყო პრობლემის მოგვარებაზე მუშაობაც. საკითხზე მსჯელობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომპანიამ დაიწყო.
"მარეგულირებელმა კომისიამ რუსთავის მერიის მომართვის საფუძველზე, ასევე, ჩვენ ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული ხშირი წყვეტებიდან და მოსახლეობის მომართვიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ და ამავდროულად დაავალა კომპანიას რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს ინფორმაცია იმ აუცილებელი, განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება. თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება შესრულებული, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გაორმაგებულ ჯარიმას, ისევე, როგორც შემდეგში არსებობს უფრო მკაცრი მექანიზმებიც," - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.